მკაცრად ვგმობით ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ ქმედებას – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეხმაურება 23 მაისს მომხდარ შემთხვევას, როცა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი მინსკში იძულებით დაასმევინა, რადგან ბორტზე ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი და აქტივისტი, რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. დაშვების შემდეგ პროტასევიჩი დააკავეს.

“მკაცრად ვგმობით ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ ქმედებას, რომელიც კომერციული ფრენის შეცვლასა და ჟურნალისტის დაკავებას ეხება. მოვითხოვთ მომხდარის საერთაშორისო გამოძიებას, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ბელორუსი ხალხის გვერდით”. – აცხადებს ენტონი ბლინკენი.

Ryanair–ის თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში დაჯდა. თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, რის შემდეგაც ბელარუსმა მათ უბრძანა, უახლოეს აეროპორტში დამჯდარიყვნენ, რაც მინსკის აეროპორტი აღმოჩნდა.

თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის აქტივისტი და ჟურნალისტი, Nexta-ს დამფუძნებელი რომან პროტასევიჩი დააკავეს.