შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლის კომპანიამ 49 მლნ-ის ტენდერები მოიგო – ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის მეუღლის კომპანიამ 49 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო.

შპს გზამშენი-2005-ის მეწილე, გარდა იმისა, რომ ვანო ზანდარაშვილის მეუღლეა, მმართველი პარტიის შემწირველი გახლავთ და “ქართულ ოცნებისთვის” 30 000 ლარი აქვს ჩარიცხული.

ორგანიზაციის ცნობით, კომპანია ტენდერებს ძირითადად კახეთიდან იგებს და ამ რეგიონიდან სულ 23 მილიონ ლარზე მეტი აქვს წამოღებული, საიდანაც 15 მილიონ ლარზე მეტი მხოლოდ თელავზე მოდის.

“კომპანიამ 38 ტენდერი (15 მლნ) უკონკურენტო გარემოში მოიგო, 14 ტენდერი (5 მლნ-მდე) კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე, 40 შესყიდვა (3 მლნ) კი გამარტივებული გზით, უტენდეროდ მიიღო.

უშუალოდ პანდემიის დროს კომპანიამ 12 ელექტრონულ შესყივაში 4 მილიონ ლარზე მეტის ხელშეკრულებები მიიღო”,- აცხადებს ფლანგვის დეტექტორი.