მნიშვენელოვანია, მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები, რათა მიიღწეს კომპრომისი – დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მხარეები კონსტრუქციულები იყვნენ.

„ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა დღეს ოპოზიციასთან, ვაპირებთ ამ შეხვედრების გაგრძელებას. მექნება შეხვედრა პრეზიდენტთან. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. დღეს დილით უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვენელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები, რათა მიიღწეს კომპრომისი“, – განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, გუშინ კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა, რის შემდეგაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა გადაწყვიტა, თბილისში იქამდე დარჩეს, ვიდრე მხარეები შეთანხმდებიან.