მოგვეცით მანდატის განხორციელების შესაძლებლობა – სახალხო დამცველი საპატრიარქოს მიმართავს

სახალხო დამცველს, კვლავ არ ეძლევა ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. ნინო ლომჯარია მანდატის განხორციელების შესაძლებლობას ითხოვს და საპატრიარქოს მიმართავს.

”მივმართავ პირდაპირ ეთერში საპატრიარქოს, რომ მისცენ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს, საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა და იმედი მაქვს, რომ ამაზე მივიღებ დადებით პასუხს.

რა თქმა უნდა, ეს იქნება პირველ რიგში ბავშვებისთვის ძალიან პოზიტიური, იმიტომ, რომ ბავშვები არიან ძალიან დიდი წნეხისა და ზეწოლის ქვეშ, ამიტომ მოგვეცით მშვიდ გარემოში ჩვენი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ვარ მზად, ამის შემდგომ ნებისმიერ საკითხზე ვისაუბრო მათთან.” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.