მოგწონთ სიბნელე? ქალაქის განათებაში 12 მლნ-ს ვხარჯავთ, ჩავაბნელოთ? – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას ჩაბნელებული კიკვიძის პარკიდან უპასუხა. მან მოქალაქეებს ჰკითხა, მოსწონთ თუ არა სიბნელე, შემდეგ კი პარკი გაანათებინა.

“სიბნელე ბევრი რამის შემაფერხებელია. ჩვენ კარგად გვახსოვს, გამოვიარეთ სიბნელის, უიმედობის, დეპრესიის წლები და კარგად ვიცით, რას გრძნობს ადამიანი ამ დროს. მგონი ყველა მეთანხმებით, რომ ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც პარკი, სკვერი, ქუჩები ჩაბნელებულია. მინდა მივმართო მათ, ვინც ბოლო პერიოდში უსაგნოდ აკრიტიკებს თბილისის მერიას საახალწლო განათებების შესყიდვების გამო. მინდა რიგით თბილისელებს, იმ ადამიანებს ვისაც უყვარს ეს ქალაქი და უხარია ქალაქის განვითარება, გკითხოთ – მოგწონთ სიბნელე ზოგადად?

ქუჩები განათებისთვის ბიუჯეტი წლის განმავლობაში 11-12 მილიონ ლარს ხარჯავს. ანუ რა არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ ქუჩებიც ჩავაბნელოთ? აღარ გადავიხადოთ 12 მილიონი იმისთვის, რომ ქალაქი იყოს ღამით ულამაზესი? მინდა ყველას გითხრათ, გპირდებით, წელს საახალწლოდ თბილისი იქნება ისეთივე ლამაზი და სავსე, როგორც გასულ წლებში იყო. იქნება მოკრძალებული, მაგრამ ულამაზესი”, – თქვა კალაძემ ფეისბუქლაივში.

ცნობისთვის, ფლანგვის დეტექტორის კვლევით, წელს თბილისის მერია ცარიელი ქუჩების საახალწლო განათებაში 616 000 ლარს დახარჯავს. 2019 წელს მილიონ ლარად შესყიდული საშობაო ნაძვის ხის გადაკეთება 104 ათასი ლარი დაჯდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც 22:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილებას კრძალავს.