სენატორებმა მადლობა მითხრეს, ბაიდენმა აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონი მიწოდა – სააკაშვილი

საქართველოს მე–3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სენატორი შაჰინის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის და ჯიმ რიში მასთან მადლობის სათქმელად მივიდნენ.

“შაჰინი მოვიდა მეორე საღამოს სენატორ რიშთან ერთად, რომელიც არის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და მათ მითხრეს დიდი მადლობა, იმისათვის, რომ ასე მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა. ისინი მოვიდნენ მადლობის სათქმელად და მე ვუთხარი, რომ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა რაღაცაში? ამის შემდეგ მე ვნახე ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი, რამდენიმე კვირაში ზუსტად. მაკკეინმა მოგვიწვია თავისთან სახლში. ამ შეხვედრას ესწრებოდა დათო საყვარელიძე და გოგიტა ვაშაძე. მათი თანდასწრებით, მან თქვა, მინდა გითხრაო, შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონიო”,– თქვა სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

დღეს სენატორმა შაჰინმა სენატში სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების გადაბარების მაგალითად 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ ქართული ოცნებისთვის ხელისუფლების დათმობა დაასახელა.

“არჩევნების მეორე დღეს, ჩვენ შევხდით პრეზიდენტ სააკაშვილს. ნათლად მახსოვს, მივედით მასთან სახლში, დავსხედით და ვისაუბრეთ იმაზე, რომ დემოკრატიის მთავარი ნიშანი, რისთვისაც პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა იქნებოდა მისთვის, ვინც ამომრჩეველმა აირჩია. ამრიგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება. მნიშვნელოვანია მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიები ყველგან, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე”,– თქვა სენატორმა შაჰინმა.