მოვუწოდებ ოპოზიციას, მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურებში და დაიკავონ მანდატები – კალიურანდი

ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე, მარინა კალიურანდი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ეხმიანება და ოპოზიციას მოუწოდებს, პარლამენტში შევიდნენ და მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ.

ამასთან ერთად, ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ყველა დასაბუთებული საჩივარი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინა, უნდა განიხილონ “მტკიცედ და გულდასმით, კანონმდებლობასთან და უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობით.”

“სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან პირველი ტურის შემდეგ დამდგარი შედეგით, აპირებენ, ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნების მეორე ტურებს და პარლამენტის შეკრების შემდეგ არ დაიკავონ კუთვნილი მანდატები. მტკიცედ მჯერა, რომ მიზანმიმართული მცდელობა, შეაფერხონ დემოკრატიისთვის სასიცოცხლო ინსტიტუტების ფუნქციონირება, სავალალოა. მოვუწოდებ ყველა პარტიასა და კანდიდატს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურებში და დაიკავონ არჩევნების შედეგად მიღებული მანდატები, რათა პატივი სცენ დემოკრატიული გზით გამოხატულ საქართველოს მოქალაქეების ნებას”, – აცხადებს კალიურანდი.

ევროპარლამენტარი მიესალმება ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებს, რომელიც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ეგიდით, დაძაბულობის განსამუხტად მიმდინარეობს.

“დარწმუნებული ვარ, რომ ევროატლანტიკური თანამშრომლობა არის გზა სტაბილურობისკენ და მოუთმენლად ველი ახალ პარლამენტთან მომავალ თანამშრომლობას”, – წერს ევროპარლამენტარი.