მოვუწოდებ უგულავას და ბოკერიას, მეგობრებო, დამშვიდდით, ბოღმას ნუ ანთხევთ – ხაბეიშვილი

სამგორში, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება გიგი უგულავას, რომელმაც სამარცხვინო უწოდა „ენმ“-ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებას, რომ ზუგდიდმა უნდა აირჩიოს ზუგდიდელი.

ხაბეიშვილი გიგი უგალავას მოუწოდებს, საქმეს მიხედოს და დამშვიდდეს.

„მე მგონია, რომ უკვე შარზე არიან და თუ გაბრაზებულია გიგი უგულავა, მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და ვთქვა, რომ ვწუხვარ ამ ადამიანების გამო, რომ ასეთი გაღიზიანებულები და განერვიულებულები არიან და მოვუწოდებ, მეგობრებო, დამშვიდდით! ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მტერი ჰყავს საქართველოს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს, ამიტომ მისამართები ნუ გერევათ, იყავით თქვენს საარჩევნო კამპანიაში, იმუშავეთ თქვენს ამომრჩევლებთან. ჩემი გულწრფელი მოწოდებაა, ნუ ინერვიულებენ ნურც უგულავა და ნურც გიგა ბოკერია”,- ამბობს ხაბეიშვილი.

მისივე განცხადებით, ოპოზიციური ლიდერები ლანძღვით თავს იზიანებენ.

“მინდა მათაც და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს დავუფიქსირო ჩემი პატივისცემა, ოღონდ ნურაფერი ნუ შეგეშლებათ, ლანძღვა გინებაზე ნუ გადადიხართ, რადგან თავად დაიზიანებთ ამით თავს, თავად აჩვენებთ საზოგადოებას, რომ თქვენთვის სხვა ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ გიგა ბოკერიასაც და გიგი უგულავასაც, ნუ ხარჯავთ ემოციებს, ბოღმას ნუ ანთხევთ მეგობრებო, საქმეს მიხედეთ თქვენს საარჩევნო ოლქებში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ზუგდიდის ოლქში, სადაც “ევროპული საქართველოდან” კენჭს გიგი უგულავა იყრის და “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ჩიქოვანი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ექიმ მალხაზ ჯალაღონიას კანდიდატურა დააყენა.