მოკლავს თუ არა კორონავირუსს ზაფხულის სიცხე–რა მონაცემები არსებობს ამ დროისთვის

ბევრი ინფექციური დაავადება თავდაპირველი აფეთქების შემდეგ თანდათანობით ცხრება – წელიწადის დროის მიხედვით. გრიპი როგორც წესი ზამთრის ცივ თვეებში აქტიურობს, ზოგი ინფექცია, მაგალითად ტიფი ზაფხულში ვრცელდება. წითელას დაავადებების შემთხვევები ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებში ზაფხულობით იკლებს, ტროპიკულ რეგიონებში კი მკვეთრად იზრდება ცხელ სეზონებზე.

ასე რომ, არაფერია გასაკვირი იმაში, თუ ბევრი სვამს კითხვას – უნდა ველოდოთ თუ არა Covid19–ის შემთხვევაში ასეთ სეზონურობას.

მას შემდეგ, რაც დეკემბრის შუა რიცხვებიდან ვირუსმა ჩინეთში სწრაფად გავრცელება დაიწყო და ქვეყნის საზღვრებიც გადაკვეთა, ევროპასა და აშშ–ში დაავადებულთა რიცხვი ყოვლდღიურად იზრდება.

ზოგიერთი ყველაზე სერიოზული აფეთქება ისეთ რეგიონებში მოხდა, სადაც შედარებით ცივი ამინდია, რის გამოც გაჩნდა იმედი, რომ პანდემია ზაფხულის დადგომასთან ერთად შესუსტდება. თუმცა ბევრი ექსპერტი გვაფრთხილებს: ნუ დავამყარებთ მეტისმეტად დიდ იმედს იმაზე, რომ ვირუსს ტემპერატურა მოკლავს.

ასეთ სიფრთხილეს საფუძველი აქვს. ვირუს  SARS-CoV-2, რომელიც  COVID-19–ს იწვევს მკვლევარებისთვის მეტისმეტად ახალია. მეცნიერებს ჯერჯერობით უბრალოდ არ აქვსთ მონაცემები, სტატისტიკური მტკიცებულებები, რომ მისი აქტივობა სეზონურად შეიცვლება.

ამ ვირუსის მსგავსი SARS–ის ვირუსი 2003 წელს მალევე ალაგმეს, ამიტომაც ამ შემთხვევაში ძალიან მცირე ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, როგორ იმოქმედებდა მასზე წელიწადის სხვადასხვა დროები.

თუმცა სხვა კორონავირუსებთან ბრძოლის მონაცემები გარკვეული ვარაუდების საფუძველს გვაძლევს იმის მისახვედრად, გახდება თუ არა ბოლო–ბოლო Covid19 სეზონური დაავადება.

10 წლის წინ, ედინბურგის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ცენტრის მკვლევარის, კეიტ ტემპლტონის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის სამმა ტიპმა “შესამჩნევი სეზონური ხასიათი“ აჩვენა და ისინი ცივ თვეებში ვრცელდებოდა – დეკემბრიდან აპრილამდე, ანუ ზუსტად ისე, როგორც გრიპი. მეოთხე კორონავირუსი, რომელსაც ძირითადად დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტების ორგანიზმში პოულობდნენხოლმე, ბევრად უფრო არაპროგნოზირებადად იქცეოდა.

უკვე არსებობს გარკვეული მონაცემები, რომ COVID-19–ის ვირუსსაც ცივი და მშრალი პირობები ურჩევნია.

ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ანალიტიკურ ნაშრომში, კორონავირუსის გავრცელების არეალად ქცეული მსოფლიოს 500 რაიონის კლიმატური პირობებია შედარებული. ანალიზი გვიჩვენებს, რომ სავარაუდოდ არსებობს კავშირი ვირუსის გავრცელებას, გარემოს ტემპერატურას, ქარის სიჩქარესა და ტენიანობის დონეს შორის.

კიდევ ერთ ჯერჯერობით გამოუქვეყნებელ კვლევაში საუბარია იმაზე, რომ უფრო მაღალ ტემპერატურებზე COVID-19–ის შემთხვევები ნაკლებია.

კიდევ ერთი კვლევის ავტორები, რომელიც ასევე ჯერ არ გამოქვეყნებულა პროგნოზირებენ, რომ კონტინენტური კლიმატის მქონე რეგიონები, სადაც ზამთარში ცივა და ზაფხულში ცხელა, ვირუსის გავრცელებისთვის უფრო ხელსაყრელი ადგილებია. მეორე ადგილზე საფრთხის შემცველ რეგიონებში ისეთი ტერიტორიებია, სადაც გვალვაა.

ამ კვლევის ავტორები თვლიან, რომ ტროპიკული კლიმატი ახალი ვირუსისთვის ნაკლებად ხელსაყრელი გარემოა.

სხვადასხვა სეზონზე ვირუსის აქტიურობის შესახებ მონაცემების არქონის პირობებში მეცნიერები მომავალი ერთი წლის მოვლენების განვითარების პროგნოზირებისას კომპიუტერულ მოდელირებას ეყრდნობიან.

თუმცა ამოცანა რთულია, რადგან ეპიდემიური ვირუსების სეზონურობას ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რაც COVID-19–ის შემთხვევაში არააქტუალურია. ამიტომაც მეცნიერები დღემდე დაგროვილი ცოდნის და ინფორმაციის გამოყენებისას ფრთხილობენ.

 

თუმცა, მაინც ვნახოთ, რატომ აქვთ სხვა კორონავირუსებს სეზონური ხასიათი და რატომ არის ეს იმედისმომცემი ამ შემთხვევაშიც.

კორონავირუსები ე.წ. გარსიანი ვირუსების ოჯახია, რომლებსაც ლიპიდური, ცხიმიანი მემბრანა აქვს, საიდანაც ცილოვანი “რქებია“ წაზრდილი.

 

სხვა გარსიანი ვირუსების კვლევები გვიჩვენებს, რომ გარსიანი ვირუსები მაღალი ტემპერატურის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან, ვიდრე გარსის არმქონენი.

უფრო ცივ პირობებში ეს გარსი მყარდება და ერთგვარ რეზინის დამცავ გარსს ემსგავსება, რომელიც ვირუსს მაშინაც იცავს, როცა ის ადამიანის ორგანიზმს გარეთ იმყოფება. მაღალ ტემპერატურაზე კი ეს გარსი სიმყარეს კარგავს და ვირუსი ადვილად იღუპება. სწორედ ამის გამო აქვთ გარსიან ვირუსებს მკვეთრად გამოხატული სეზონური ხასიათი.

კვლევები გვიჩვენებს, რომ SARS-Cov-2–ს 72 საათამდე აქვს სიცოცხლისუნარიანობა მყარ ზედაპირებზე, მაგალითად მეტალზე და პლასტმასზე, თუ ტემპერატურა 21–23 გრადუსია, ტენიანობა კი 40%.

როგორ იქცევა ეს ვირუსი სხვა ტემპერატურისა და ტენიანობის დროს, ჯერ კიდევ გასარკვევია, თუმცა სხვა კორონავირუსების მაგალითი გვიჩვენებს, რომ ისინი 4 გრადუსი ცელსიუსის პირობებში 28 დღეს ძლებენ.  მაღალი ტემპერატურის და ტენიანობის პირობებში კი ვირუსები იღუპებიან.

“კლიმატის როლი იმაში მდგომარეობს, რომ ის ვირუსის სტაბილურობაზე ახდენს გავლენას, რომელიც ორგანიზმს მიღმა იმყოფება. მაგალითად, როცა ის ჰაერში ხვდება და ზედაპირზე მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულმა დაახველა ან დააცემინა. რაც უფრო დიდხანს ინარჩუნებს ვირუსი სტაბილურობას ორგანიზმს მიღმა, მით უფრო მაღალია მისი უნარი ადამიანები დააინფიციროს და ეპიდემია გამოიწვიოს.  Covid19-ის ყველაზე მაშტაბური აფეთქებები იქ ხდება, სადაც ცივი, მშრალი ამინდია   “– ამბობს ესპანელი მკვლევარი მიგელ აროუხო, რომელიც ბიომრავალფეროვნებაზე გარემოს ცვლილების გავლენას იკვლევს.

მერილენდის (აშშ) უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსი იმ ქალაქებში და პლანეტის იმ რეგიონებში გავრცელდა, სადაც საშუალო ტემპერატურა 5–დან 11 გრადუსამდე იყო, ტენიანობა კი დაბალი.

თუმცა, დაავადების ბევრი შემთხვევაა ტროპიკებშიც. აზიაში ვირუსის გავრცელების ცოტა ხნის წინანდელმა ანალიზმა, რომელიც ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სპეციალისტებმა გააკეთეს აჩვენებს, რომ ეს პანდემიური კორონავირუსი უფრო ნაკლებად მგრძნობიარე იქნება კლიმატური პირობების მიმართ, ვიდრე ბევრი ისურვებდა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ  ჩინეთის ისეთ ცივ და მშრალ პროვინციებში, როგორიც არის გირინი და ჰეილუნცზიანი, ასევე ჩინეთის ტროპიკულ რეგიონებში – სგუანსისა და სინგაპურში გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მაღალი დემპერატურა და ტენიანობა ზაფხულის თვეებში ინფიცირების მნიშვნელოვან შემცირებას არ გამოიწვევს.

საქმე იმაშია, რომ ვირუსის გავრცელება ბევრად მეტ ფაქტორზეა დამოკიდებული, ვიდრე უბრალოდ გარემო პირობებში მისი თვითგადარჩენის უნარია.

Covid 19–ის მსგავსი დაავადებები ადამიანების მიერ ვრცელდება და სწორედ მათ ქცევაზეა დამოკიდებული წელიწადის ნებისმიერ დროს ვირუსის გავრცელების სიჩქარე.

მაგალითად, ევროპაში წითელას გავრცელების ზრდა როგორც წესი დროში ემთხვევა სკოლებში სწავლის პეროიდს, ზაფხულში არდადეგების დროს კი მცირდება.

როგორც ჩანს, ჩინური ახალი წლის პერიოდში (25 იანვარი)  ადამიანების კოლოსალურმა მიგრაციამ უხანიდან ჩინეთის სხვა ქალაქებში და მთელ მსოფლიოში Covid19-ის ფართოდ გავრცელებას შეუწყო ხელი.

გარდა ამისა, ამინდი ჩვენს იმუნურ სისტემაზე ახდენს გავლენას და ინფექციების მიმართ მათ მდგრადობასაც განაპირობებს. არსებობს მონაცემები, რომ ვირუსზე გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმში D ვიტამინის დონე. ზამთარში, როცა მზის შუქი ნაკლებია და დიდ დროს ვატარებთ დახურულ შენობებში, ჩვენი ორგანიზმი ნაკლებ D ვიტამინს გამოიმუშავებს.

თუმცა როგორც გითხარით, ჯერჯერობით არცერთი თეორიის სერიოზულად განხილვა Covid19-თან დაკავშირებით არ შეიძლება. უამრავი სამცნიერო ჯგუფი მუშაობს მონაცემებზე, რომლებიც ჯერჯერობით მწირია. საბოლოოდ იმის დადგენას, როგორია ახალი კორონავირუსის ქცევა და რა უფრო ეფექტურია მის წინააღმდეგ ბრძოლაში დრო ჭირდება, რომლის მოგებას მთელი მსოფლიო სხვადასხვა გზით ცდილობს.