მოლაპარაკებაზე ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ უნდა ჩაანაცვლოს, ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს-ნინო ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რათა  პირველ რიგში მას არ დაბრალდეს მოლაპარაკების ჩაშლა, გარდა ამისა, აუცილებელია, მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძემ ჩაანაცვლოს. ბურჯანაძის თქმით, ისედაც გაუგებარი იყო საერთოდ რატომ იჯდა ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და ოპოზიციის შეხვედრაზე.

“საქმე საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ბევრად ლოგიკური და ადეკვატურია ამ ტიპის შეხვედრას ესწრებოდეს პარლამენტის თავმჯდომარე და არა პრემიერ-მინისტრი. მოლაპარაკება და ბრიუსელი კი არა, არამგონია ღარიბაშვილი საერთოდაც გამოჩნდეს, რადგან 24 საათზე მეტი გავიდა რაც ამ ჩანაწერების შესახებ პირველი ინფორმაცია გავრცელდა და ღარიბაშვილს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ამიტომაც, წესით ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს.

ახლა ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი.

სასწრაფოდ უნდა დატოვოს თანამდებობა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ იცის ამ ჩანაწერების შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოვა თუ გამოვარდება. ერთ-ერთი აუცილებლად იქნება და სიტუაცია იქნება უმართავი, რაც არცერთი მხარისთვის არ იქნება მომგებიანი, იზარალებს ხალხი და სახელმწიფო. ამიტომ აუცილებელია მოლაპარაკების გაგრძელება და ვადამდელი არჩევნების სასწრაფოდ დანიშვნა”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.