მოლაპარაკებების მაგიდაზე წინადადებებს ხვალ დავდებ-კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საკუთარ წინადადებებს ის მოლაპარაკებების მაგიდაზე  ხვალ დადებს.

როგორც დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დემოკრატია ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს და პარტიებს მოუწოდებს დოკუმენტზე ხელმოწერის პასუხისმგებლობა აიღონ.

“დღეს რამდენიმე შეხვედრა გავმართე პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, რათა ხვალ ყველა პარტიას შევხვდე. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო გზების მოძიება, რათა ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს რომ მხედველობაში სხვა მხარის ინტერესებიც იყოს მიღებული. როგორც ამას ყოველთვის ვამბობ, ეს ყველა მხრიდან დათმობას ნიშნავს. რაც შეეხება პროცესს, პარტიების ლიდერებს ვუთხარი, რომ მაგიდაზე წინადადებებს ხვალ დავდებ.

პარტიებს მოვუწოდებ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. ეს ლიდერებისთვის იქნება საშუალებაა, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე. მინდა გაგახსენოთ, რომ თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. მთავარი გამარჯვებული იქნება – საქართველოს ხალხი. დღეს მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ უზრუნველყონ საქართველოს ხვალინდელი გამარჯვება”, – თქვა დანიელსონმა.

შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მან ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრები დღეიდან დაიწყო.

პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ “მიღწეული პროგრესის” მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა.

ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი – მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისი არ იქნება.