მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს იმ პარტიებთან, რომლებიც სიებს არ გაანულებენ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებამ მოლაპარაკებები უნდა გააგრძელოს მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევლენ.

„თუ მათ უკვე გაანულეს სიები და სადეპუტატო მანდატები, თუ ისინი პირდაპირ ახდენენ საკუთარი თავის გაიგივებას სააკაშვილთან, გვარამიასთან, უგულავასთან და ბოკერიასთან, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ადამიანებთან და პოლიტიკოსებთან ლაპარაკს. პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არ არის არც საქართველოს პარლამენტში და არც ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტში შევლენ და ისინი პარლამენტში „სათანადო რაოდენობით“ იქნებიან წამროდგენილნი.

„ხვალინდელ სხდომას რაც შეეხება, მე გამიჭირდება პროგნოზების გაკეთება, როგორ წარიმართება ეს სხდომა, რა შემადგენლობით. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი დეპუტატები იქნებიან უკლებლივ ყველა დარბაზში წარმოდგენილნი, რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, ამაზე განცხადებას ვერ გავაკეთებ. მაგრამ პროცესი გრძელდება და ამ პროცესის საფუძველზე ოპოზიციონერი დეპუტატები აუცილებლად იქნებიან სათანადო რაოდენობით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება. პირველ სხდომას არცერთი ოპოზიციური პარტია არ დაესწრება. ამ დროისთვის, მანდატებზე უარს ამბობს ყველა ოპოზიციური პარტია ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეების” გარდა.