მანდატებზე უარის თქმა საბოტაჟის გზის გაგრძელებაა – იოსელიანი

პარტია მოქალაქეების ერთ–ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ შეთანხმებამდე საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა, იმ საბოტაჟის გზის გაგრძელებაა, რომელსაც ევროპული საქართველო ცდილობს.

იოსელიანის განმარტებით, დღეს არის შანსი, რომ „ქართულ ოცნებას“ „შეთანხმება გამოგლიჯონ“.

,,ჩვენ ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში და პარლამენტში არ შევდივართ, არასოდეს არ გვითქვამს, რომ პარლამენტში ვაპირებთ შესვლას. ოპოზიციაში არის ხალხი, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ ეს შეთანხმება, რომელიც მიმდინარეობს ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის არ შედგეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს გვაქვს შანსი ხელისუფლებას გამოვგლიჯოთ ისეთი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო, ამიტომ ვსხედვართ მოლაპარაკებების მაგიდაზე. „ლელოსაც“ უნდა შეთანხმება „სტრატეგია აღმაშენებელსაც“ , „ნაციონალური მოძრაობის“ მნიშვნელოვან ნაწილსაც უნდა შეთანხმება, ჩვენც გვინდა შეთანხმება.

სანამ მოლაპარაკებები არ დასრულებულა, მანამდე მანდატებზე უარის თქმა არის გაგრძელება იმ საბოტაჟის გზის, რომელსაც ერთი პარტია ცდილობს, რომ განახორციელოს მოლაპარაკებების პროცესში. არსებობს 60-მდე დეპუტატი, რომელმაც უარი უნდა თქვას მანდატებზე, დაითვალეთ ხვალ რამდენი დაწერს იმ აქციაზე ამ განცხადებას. მე ვიცი განწყობები ამ პოტენციური დეპუტატების, თუ მარტო მე და ალეკო ვიქნებით გამოკლებული მაშინ თქვით, რომ მარტო თქვენ ყოფილხართო“, – თქვა ლევან იოსელიანმა პალიტრანიუსის ეთერში.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება. პირველ სხდომას არცერთი ოპოზიციური პარტია არ დაესწრება. ამ დროისთვის, მანდატებზე უარს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია არ ამბობს. დანარჩენი პარტიები სიას გაანულებენ.

ელისაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება ოპოზიციის 4–ვე მოთხოვნაზე თანახმაა, თუ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას დაამტკიცებს. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ევროპულ საქართველოს შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ სურს. ელისაშვილი ირწმუნება, რომ ნაციონალური მოძრაობა ევროპულ საქართველოს მძევლად ჰყავს აყვანილი.