“მომყიდონ 1 ლარად ვაკის პარკი, ჩამოვაჭრი ტერიტორიის 10%-ს, 90 %-ს დავუბრუნებ ქვეყანას და ვიქნები უდიდესი ფილანტროპი“ – რომან გოცირიძე

ივანიშვილის ფონდ ქართუს გადაწყვეტილებას ყოფილი იპოდრომის ტერიტორია თბილისს უსასყიდლოდ გადასცეს ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ამომრჩევლის მოსყიდვად და მაქინაციად აფასებს. მისი აზრით, ივანიშვილმა რაც იპოდრომზე დახარჯა, უკვე ამოიღო:

“ივანიშვილმა იპოდრომი თბილისის მერიას დაუბრუნაო.

მომყიდონ 1 ლარად ვაკის პარკი, ავდგები და ჩამოვაჭრი ტერიტორიის 10%-ს, ავაშენებ კორპუსს, თუ 10 მილიონი დამიჯდა, 30 მილიონს მოვიგებ 90 %-ს მთელი ტერიტორიისას დავუბრუნებ ქვეყანას და და მერე ვიქნები უდიდესი ფილანტროპი – ვაკის პარკი რომან გოცირიძემ დაუბრუნა თბილისს. ასეთი საქმე გვაქვს ახლა

მე რომ ვაკის პარკი მომცეთ შეღავათიან ფასად, ერთ ნაწილში ბეტონის კორპუსები ავაშენო, მეორე ნაწილი კი უკან დავაბრუნო საარჩევნოდ, როგორი ბიჭი ვიქნები? მანიპულატორი და ამომრჩევლის მომსყიდველი.

იპოდრომი გაიყიდა იმ პირობით, რომ ერთ ნაწილში იქნებოდა რეკრეაციული ზონა, მეორეში თანამედროვე განაშენიანებული სივრცე. სინამდვილეში რა მივიღეთ? ის ტერიტორია, სადაც იყო საჯინიბოები, სასტუმრო კოტეჯები და სხვა ინფრასტრუქტურა, დაინგრა, ნაწილ-ნაწილ გაიყიდა და ბეტონის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები წამოიჭიმა.

რაც გადაიხადა, ამოიღო ივანიშვილმა.

იპოდრომის გავერანებას დიდი ხანია აპროტესტებს ხალხი. პირველად იქ პარკის გაშენების მოთხოვნით აქცია წამოიწყო სოციალურ ქსელში ჩვენმა საამაყო მომღერალმა ანიტა რაჭველიშვილმა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი დაპირება თბილისის მერის არჩევნების დროს იყო ამ ტერიტორიის გამოსყიდვა და ქალაქის ცენტრალური პარკის აშენება. ამას ითხოვდა მთელი საზოგადოება. იქ არავინ გააბედვინებდა ვინმეს კორპუსების აშენებას. ადრე თუ გვიან, მანდ პარკი გაშენდებოდა.

ივანიშვილმა მორიგი მოსყიდვის აქტი განახორციელა. ვერ უშველის ეს. განადგურებული ”ლაგუნა ვერეც” და მიმდებარე აბრეშუმის ფაბრიკაც რომ მიაყოლოს ამ ”საჩუქარს”, მაინც ვერაფერი გადაარჩენს დამარცხებისთვის განწირულ რეჟიმს.

ივანიშვილის ერთმა კომპანიამ, რაღაც მაქინაცია ჩაატარა და 60 მილიონად მიჰყიდა იპოდრომი მეორეს და მართლა თუ გადაეცა, ამის აშენების ტვირთი გადავა თბილისის ბიუჯეტზე. “ქართუს” 600 მილიონიანი კიბოს ცენტრიც უნდა აეშენებინა და სად არის“– ამბობს გოცირიძე