მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

ფოტო : საზოგადოებრივი მაუწყებელი

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში დატოვა.  მისი შემდეგი პროცესი 8 მაისსაა ჩანიშნული.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. გრიგორიადისი დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა, დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ მას მიმალვა არ უცდია. აღნიშნული პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ 3 პირის – თორნიკე აკოფაშვილის, გიორგი მიქაძისა და ტარიელ დალაქიშვილის წინასასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

მიმალვის რისკს რამდენიმე სიტყვით გამოეხმაურა თავად გრიგორიადისიც. მან თქვა:

  • „მიმალვასთან დაკავშირებით ვიტყვი – მიმალვა რომ მდომებოდა, ერთი თვის განმავლობაში მივიმალებოდი. ტანსაცმელი დაკავებისას რაც მეცვა, ის მეცვა აქციაზე,“ – თქვა გრიგორიადისმა.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.