მოსახლეობაზე ზრუნვისთვის გვჭირდება, სხვა არაფრისთვის გამოვიყენებთ – თურნავა შეზღუდვებზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების გახანგრძლივება იმისთვისაა საჭირო, რომ არსებული პოზიტიური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შენარჩუნდეს.

მისი თქმით, ამ ბერკეტებს მთავრობა სხვა არაფრისთვის გამოიყენებს.

„ძალიან უსამართლოა ოპოზიციის მხრიდან მთავრობის კრიტიკა ჩვენი ანტიპანდემიური ღონისძიებების გამო, როდესაც მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო არის პირველი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა პანდემიასთან ბრძოლაში. რაც კი რამე ცვლილება შედის კანონმდებლობაში და მათ შორის, ეს კანონპროექტიც, გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ როგორც აქამდე გვაქვს შენარჩუნებული დადებითი, პოზიტიური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, როგორც აქამდე ვზრუნავდით ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, ამის ბერკეტები გვქონდეს. სხვა არაფრისთვის იქნება გამოყენებული”,– ამბობს თურნავა.

მინისტრი აღნიშნავს, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩაატარონ, ისე, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუარესდეს.

“ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები. არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად დემოკრატიულ ვითარებაში. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებიც არის ერთ-ერთი დასტური, რომ ჩვენ ვართ ამ გამოწვევის ერთგული, რომ არჩევნები უნდა ჩავატაროთ აბსოლუტურად დემოკრატიულ გარემოში და ასევე, ეპიდემიოლოგიური გაუარესება არ უნდა მოხდეს“,- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს ამ წუთებში პარლამენტი განიხილავს. მას გამარტივებული წესით იხილავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სესიაზე, კენჭისყრისას საკმარისი ხმების არსებობის შემთხვევაში, მას ერთი მოსმენით დაამტკიცებენ.