მოსახლეობა არ იცავს რეკომენდაციებს, გვექნება ტალღები – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საზოგადოება არ იცავს რეგულაციებს და არ იცრება, რის გამოც კორონავირუსის ტალღები კვლავ იქნება.

“ქვეყნის მოსახლეობის 46%, ბავშვების ჩათვლით, არის არაიმუნური, ანუ ინფექციის მიმღები და შესაბამისად, გამავრცელებელი. მიუხედავად ძალიან ბევრი საუბრისა, პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 37% და კიდევ უფრო დაბლა მოდის, ანუ მოსახლეობა უგულებელყოფს ყოველგვარ რეკომენდაციას. არ იცვება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბუსტერი, რომელიც არის ყველანაირი მიზეზით თავშეყრა – ისევ არის დიდი ქორწილები, ქელეხები, მიტინგები, გამოსვლები.

სტაბილიზაციას სჭირდება წინაპირობა. ამ ვირუსთან ბრძოლის სულ ორი გზაა – ან მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს და უნდა დაიცვა, ანუ მობილობა უნდა შეამცირო და მეორე არის ვაქცინაცია. არცერთი ეს კომპონენტი არაა დაცული და რანაირად გვინდა, რომ შემცირდეს ეს მონაცემები, გამაგებინეთ. იქნება ეს მონაცემები, გვექნება ეს ტალღები,”-აცხადებს გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.

მისივე ინფორაციით, 60 წელს გადაცილებულებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა საკმარისი არ არის სიკვდილიანობის შესამცირებლად.

“ამ ასაკში ჩვენ ხლა მოცვა გვაქვს პირველი აცრით 40.4% და მეორე აცრით 35.27%. ანუ, ამ ასაკში მოცვამ, ამ ეტაპზე, გადააჭარბა ქვეყნის საშუალო მოცვას, რადგან ქვეყნის საშუალო მოცვა არის 34.3%. მაგრამ ეს არ არის საკმარისი – ამ ასაკში გინდა 80-90%-იანი მოცვა სიკვდილიანობის შესამცირებლად, რადგან სიკვდილიანობის 85% ამ ასაკზე მოდის. ამიტომ, აქაა საჭირო ყველაზე მაღალი მოცვა,”- აცხადებს გამყრელიძე.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 76 ადამიანი.