მოსახლეობის 67%-ს კრედიტი აქვს, ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში – გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 67%-მდე კრედიტი აქვს, რაც ისტორიული მაჩვენებელია და ერთ-ერთი მაღალია მსოფლიოში.

მისივე ინფორმაციით, უიმედო სესხები 2019 წლის ბოლომდე 4.4% იყო, ახლა კი 8%-ია. გვენეტაძის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 10-11%–ზე ავა, თუმცა მართვადი იქნება.

“67% ერთ–ერთი მაღალია მსოფლიოში. ზუსტად ორი წლის წინ მივიღეთ დებულება პასუხისმგებლიანი დაფინანსების შესახებ, რამაც ვნებათაღელვა გამოიწვია. ამბობდნენ, რომ თუკი ადამიანს სესხება უნდა, რატომ არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ისესხოს. რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა ისესხოს, მას ამის საშუალება უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა ისესხოს ისე, რომ სესხის უკან დაბრუნება შესძლოს. ადამიანს სესხის მომსახურება უნდა შეეძლოს. ამავე დროს, ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტებისათვის მნიშვნელოვანია ის, რომ თუ მსესხებელმა სესხის გადახდა ვერ შეძლო, დეპოზიტებს, რომელიც ბანკშია, საფრთხე შეექმნება და ქვეყანაში ფინანსურ კრიზისს მივიღებთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ის ასევე აღნიშნა, რომ  “თუკი მოსახლეობას ვალის მომსახურება შეუძლია და ეს მას პრობლემებს არ უქმნის, სესხის აღება ნორმალურია და ბაზრის განვითარებაზე მიუთითებს“.