მოსკოვს ეს სპეცოპერაცია გამოუვიდა – გია ჯაფარიძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე

პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ამბობს, რომ მოსკოვს გამოუვიდა ეს სპეცოპერაცია.

ჯაფარიძე საუბრობს იმ შედეგზე, რაც, მისი შეფასებით, რუსეთმა ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის დაკავებით მიიღო.

“ერთი წუთით სხვა მხრიდან რომ შევხედოთ. მოსკოვს ეს სპეცოპერაცია გამოუვიდა. კარტოგრაფების საქმით მოსკოვმა თამაშა მოქალაქეთა განათლების დონით და არაინფორმირებულობით (საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ვერ არჩევს ისტორიას და სამართალს, კულტურულ მემკვიდრეობას და ტერიტორიულ საზღვრებს), ეთნიკურ-რელიგიურ განწყობებით და საბჭოთა ცნობიერებით. შედეგად:

  • ეფექტურად ჩაერია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში;
  • მოახდინა საზოგადოების პოლარიზაცია, გახლიჩა და ერთმანეთს დააპირისპირა საზოგადოება;
  • საზღვრის დამდგენი კომისიიდან მოიშორა პროფესიონალი ადამიანი, რომელმაც ყველაზე
  • კარგად იცის ეს თემა და რომელიც ფაქტობრივად თვითონ განასხეულებს ამ საქმეში ქვეყნის ინსტიტუციურ მეხსიერებას;
  • გააჩინა შიში ნებიემიერ წესიერ სახელმწიფო მოხელეში, რომ კარგად შესრულებული პროფესიული საქმიანობის გამო შეიძლება ცილისწამების, დევნის და ღალატის ბრალდების ობიექტი გახდეს. ამით ფაქტობრივად გაბზარა სახელმწიფო ბიუროკრატია;
  • დააზიანა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან, ვისთანაც საზღვარი არ არის დადგენილი;
  • გაართულა საზღვრის დადგენის პროცესში საქართველოს მხრიდან საკუთარი ინტერესების დაცვის და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა;
  • მოთელა, რამდენად შესაძლებელია ფსევდო-პატრიოტულ განწყობებზე თამაში მომავალი ოპერაციებისთვის (მაგალითად, ხვალ შეიძლება შემოაგდოს თემა – არტანუჯი საქართველოა);
  • მონიშნა საკუთარი გეგმების და მიზნების შესასრულებლად საჭირო ადამიანთა ჯგუფი;
    მოახდინა ე.წ. დასავლეთის დისკრედიტაცია კიდევ ერთხელ;
  • შექმნა თემა, რომლითაც გაყო საქართველოს საზოგადოება და რომელსაც გააცოცხლებს ნებისმიერ დროს.

ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე, ეს არის ფაქტები. ეს არ ნიშნავს, რომ ასეა, მაგრამ იმას მაინც ნიშნავს, რომ ჩვენს გარშემო ყველა დედაქალაქში მაგრად უნდა უხაროდეთ. ამიტომ არის განათლება თავისუფლების საფუძველი. ისტორია და სამართალი სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, კულტურული მემკვიდრეობის და ტერიტორიული საზღვრების გარჩევაც”,– წერს გია ჯაფარიძე Facebook–ზე.

გუშინ, 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გიროას საფუძველზე გაათავისუფლა. გირაოს თანხა საზოგადოებამ მათ 2 საათში შეუგროვა.

პროკურატურამ განაცხადა, რომ მელაშვილი–ილიჩოვას საქმის გარშემო გამოძიება ამოწურულია, ხოლო ბრალეულობა –  “მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით გამყარებული”. უწყების ცნობით, ამის გამო, საგამოძიებო უწყება მთავარ აქცენტს დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მიმართავს.