მოღალატემ რუსებს აზოვსტალში შესასვლელი გვირაბები აჩვენა – გერაშჩენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ამბობს, რომ რუსებს აზოვსტალის ქარხანაში შესასვლელი გვირაბების შესახებ ინფორმაცია ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.

მისი თქმით, ახლა ოკუპანტები სწორედ ამ გვირაბებს უტევენ.

”რუსმა ნაძირლებმა ქარხნის თანამშრომლებიდან იპოვეს მოღალატე, რომელიღაც ელექტრიკოსი, რომელმაც აჩვენა ქარხანაში მიწისქვეშ შესასვლელი გვირაბები. გუშინ რუსებმა დაიწყეს ამ გვირაბებზე შტურმი, მათ მიერ მოღალატისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით“, – განაცხადა გერაშჩენკომ Unian-ის ცნობით.

მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ მოსკოვიდან მარიპოლში მოულოდნელად ჩავიდა რუსი პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვი.

„რადგან მას დაჰპირდნენ, რომ გუშინ აზოვსტალის ტერიტორიაზე რუსი ნაძირლები შეიჭრებოდნენ და მათი “გამარჯვების“ გადაღებას შეძლებდა უკრაინელ დამცველებზე. გუშინ ეს არ მოხდა, ჩვენი დამცველები აგრძელებენ აზოვსტალის ტერიტორიის დაცვას”, – თქვა გერაშჩენკომ.

ცნობისთვის, ოკუპანტები აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ. უკრაინის ხელისუფლებამ კონტაქტი აღადგინა აზოვის პოლკთან.