“მტერი დემორალიზებულია, პოზიციებს ტოვებს“–უკრაინის გენშტაბმა ხერსონში წინსვლა ოფიციალურად პირველად დაადასტურა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის საღამოს ინფორმაციაში პირველად გამოჩნდა ოფიციალური აღიარება, რომ უკრაინული არმია სამხრეთით კონტრშეტევას ახორციელებს, თუმცა კონკრეტული რაიონების გარეშე.

რუსული და უკრაინული მედიის და ტელეგრამ–არხების ინფორმაციით ბოლო 3 დღის განმავლობაში უკრაინის არმიამ შეძლო რუსული ჯარის თავდაცვის გარღვევა ხერსონის ოლქში და რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაკავება მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ და ოლქის ჩრდილოეთით. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფლის, დავიდოვ ბროდის გათავისუფლება დაადასტურა, რომელიც მანამდე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რუსული არმიის თავდაცვითი პოზიციების გამაგრებაში.

უკრაინის გენშტაბის საღამოს ანგარიშში სამხრეთის მიმართულებაზე ნათქვამია:

“დაზუსტებული ინფორმაციით, 3 ოქტომბერს უკრაინის სამხრეთით დადასტურებულია უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ მოწინააღმდეგის 30–მდე ობიექტის განადგურება. მტერი დემორალიზებულია, პოზიციებს ტოვებს და უსაფრთხო დისტანციაზე გადის, ანადგურებს საბრძოლო მასალების მარაგებს, ცდილობს ხიდების და გადასასვლელების განადგურებას. ეს ყველაფერი ჩვენი არმიის შეტევის შესანელებლად ხდება“– წერს უკრაინის გენშტაბი.