ხვიჩა მღებრიშვილს, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ღამურების მოპარვას ედავებოდა 3 თვე მიუსაჯეს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილს სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო პროკურატურა მღებრიშვილს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ცხინვალის რეგიონიდან ღამურების გატანის მცდელობას ედავებოდა.

სასამართლომ მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაში სცნო დამნაშავედ. ამ დრომდე ხვიჩა მღებრიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

შეგახსენებთ, მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს, მოგვიანებით კი, დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშრობის კომიტეტმა ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს, მღებრიშვილი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე შეგნებულად გადავიდა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ღამურების დაჭერას ცდილობდა.