“მძიმე ზამთარი მოდის. ეს არის ომი გამოფიტვაზე“–სტოლტენბერგი

მძიმე ზამთარი იქნება. უკრაინის ომი რუსეთთან არის ომი  გამოფიტვაზე –ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა “ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

“ზამთარი მოდის. მძიმე ზამთარი იქნება. და ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ომი გამოიფტვაზე მიდის ეს არის ნებისყოფის, ლოჯისტიკის ბრძოლა, ამიტომაც მომავალშიც უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რომ მან შეძლოს გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ნაციამ“–თქვა მან.

მისი თქმით, ძლიერი, სტაბილური და დამოუკიდებელი უკრაინა ევროატლანტიკური უსაფრთხოების საწინდარია. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო უკრაინას მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში უჭერდა მხარს და ახლაც, უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს უკრაინას დაჭირდება.

„ჩვენ ერთგულნი ვართ იმ პირობისა, რომ უკრაინას გრძელვადიანი დახმარება გავუწიოთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ტრანზიციის პროცესში, რათა ქვეყანა საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობიდან ნატო-ს სტანდარტების აღჭურვილობამდე მივიდეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმების სფეროში. ჩვენ ასევე დავეხმარებით უკრაინას ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში.“– თქვა სტოლტენბერგმა.