მხარი დავუჭირე PACE-ს რეზოლუციას, თუმცა შესწორებას სააკაშვილის შესახებ-არა – იოსელიანი

“მხარი დავუჭირე PACE-ს რეზოლუციას, თუმცა შესწორებას სააკაშვილის შესახებ-არა” – აცხადებს, პარტია მოქალაქეების ლიდერი ლევან იოსელიანი. ინფორმაციას გამოცემა ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია იქნა მიღებული როგორც ევროსაბჭოში, სტრასბურგში, ისე გაეროში. როგორც იცით, იქაც იყო მიღებული რეზოლუცია, სადაც დაგმობილია ოთხი რეგიონის ოკუპაცია. ამ რეზოლუციას გაეროში მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად იზოლირებულია რუსეთი ცივილიზებული სამყაროსგან.

რაც შეეხება ევროსაბჭოს რეზოლუციას, აქაც სრული კონსოლიდაცია და ერთსულოვნება იყო წარმომადგენლების მხრიდან. ეს რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსით, რადგან ის ადასტურებს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და ის ისტორიის არასწორ მხარეს დგას. დღეს რუსეთის პოლიტიკას, ფაქტობრივად, გმობს მთელი ცივილიზებული სამყარო.

ერთადერთი უხერხულობა იყო, რომ ბოლო მომენტში შემოვიდა მეოთხე განმარტება, რაც რეალურად ამ რეზოლუციასთან არანაირ კავშირში არ იყო. იქ საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე და ფრჩხილებში არის მითითებული მიხეილ სააკაშვილი. ჩანაწერი უკრაინელი დეპუტატების ინიციატივით შემოვიდა და სხვებმაც მოაწერეს ხელი. რეგლამენტი ითვალისწინებდა შესაძლებლობას, რომ დაუჭირო რეზოლუციას, მაგრამ მის დამატებებს, რომელსაც არ ეთანხმები, მხარი არ დაუჭირო და მე სწორედ ეს გავაკეთე.

გავაკეთე განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე და ვთქვი, რომ მხარი დავუჭირე რეზოლუციას, სადაც საუბარია რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებაზე, მაგრამ არ დავეთანხმე შესწორებას, რომელიც სააკაშვილის შესახებ არსებობს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.