მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა პროტესტის ნიშნად, საკუთარი ნამუშევარი დაწვა – ვიდეო

მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა თეა წულუკიანისა და კულტურის პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად, საკუთარი ნამუშევარი დაწვა.

“ბევრს არ ვისაუბრებ, რამხელა წვლილი მიუძღვის ქალბატონ ლიკას გარემოსა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე ქართული კულტურის სიცოცხლისუნარიანობასა და პოპულარიზაციაში, რამხელაა მისი თანადგომა ნებისმიერი ასაკის ხელოვანისადმი. ჩემი პროტესტი არ ეხება მხოლოდ ერთი დამსახურებული პიროვნების მიმართ დანაშაულს, არამედ ის მიმართულია კულტურის ამჟამინდელი მინისტრის, კულტურისა და ხელოვნების შეურაცხმყოფლის, ქალბატონ თეა წულუკიანის მიმართ, იმ მანქანის მიმართ, რომელსაც ზემოხსენებული ადამიანი და მისი გარემოცვა ქმნის კულტურის ყველა სფეროში. იმის მაგივრად, რომ ქართული შემოქმედებითი სივრცე გახდეს მსოფლიო თანამედროვე კულტურის თანამდევი, რელევანტური და ძიებადი, ის უკან, შეზღუდული და პროპაგანდისტული საბჭოური მსოფლმხედველობისკენ მიიწევს, სადაც ხელოვანის დამკვეთი სისტემა და “სახელმწიფოა”, ხოლო შემოქმედება დაცლილია ყოველგვარი სულიერებისგან. დროში გადაფასდება ყველა ქმედება, თუმცა ეს ის დროა, რომელიც დღეს განსაკუთრებით სწრაფად გადის, რომლის უკუათვლაც შეუძლიათ კონკრეტულ ადამიანებს… ქართველებს, კი სახეზე გვაქვს, რომ გადაფასებაც შეიძლება დაგვიანდეს და ისიც შესაძლებელია, რომ გადასაფასებელიც აღარაფერი დარჩეს”, – წერს თედო რეხვიაშვილი.