მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიმართ მისივე ნახატის “ქურდობის“ მუხლით გამოძიება დაიწყო

მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიმართ  სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის  კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

ეს მას შემდეგ მოხდა, 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში, კულტურის ცენტრ ათინათის გამოფენის გახსნაზე, მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად, კედელზე დატოვა წარწერა — “ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია”. გალერეაში ამბობენ, სანდრო სულაბერიძემ ამ ქმედებით ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცის კედელი დააზიანა. გალერეისი წარმომადგენლების თქმით, ამჟამად კედლის პირვანდელი იერსახე აღდგენილია და გამოფენა “ნორმალურ პირობებში” მიმდინარეობს.

საკუთარი ნამუშევრის გამოფენიდან წაღების გამო მხატვარს პატიმრობა ემუქრება.ქურდობის მუხლი სასჯელის სახით 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოფენის კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე არტისტ სულაბერიძის მიერ გაკეთებულ წარწერასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიკითხა.

ქართული სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართეს და სთხოვეს სულაბერიძის მიმართ აღძრულ საქმეს კვალიფიკაცია შეცვალოს და საკითხი მხატვარსა და გალერეას შორის მოლაპარაკებით მოგვარდეს.

საქმეს სოციალურ ქსელებში განხილვა და უკმაყოფილება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი კულტურის მინისტრს რეპრესიული რეჟიმის დამყარებაში ადანაშაულებს