ნაგებობებში, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ ცხოვრობდნენ ადამიანები – კალაძე აფრიკაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არცერთ სახლში, რომელიც დღეს აფრიკაში მერიამ დაანგრია, ხალხი არ ცხოვრობდა.

“მინდა გამოვეხმაურო პოლიტიკური პარტიების მიერ ცილისმწამებლურ, მეტიც, დანაშაულებრივ განცხადებებს, რომ თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან და ღია ცის ქვეშ დატოვა. სრული პასუხსიმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული. იყო მშენებარე და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები”, — განაცხადა კალაძემ.

მისივე მტკიცებით, აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკანაც გარკვეული პირები დგანან და სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ უბიძგებენ.

“თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება, მიწის დატაცება და უკანონო მშენებლობა კანონით დასჯადია, თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ არც ერთ გაფრთხილებას და ამ უკანონო ქმედებებს აგრძელებენ.

სახელმწიფოს მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, პირიქით, ეს ადამიანები პრეტენზიას უყენებენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის სხვაგვარად შეჩერება შეუძლებელია“,-განაცხადა კალაძემ.

აფრიკის დასახლებაში დღეს თბილისის მერიამ 20–მდე სახლი დაანგრია. პარალელურად მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 8 ადგილობრივი დააკავა.

კალაძე ირწმუნება, რომ ამ სახლებში გაჭირვებული ადამიანები არ ცხოვრობენ და ისინი უბრალოდ აგარაკებს იშენებენ.