ნადირაშვილი აცხადებს,რომ პოლიციელებს, რომლებმაც აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენეს, პრემიები მისცეს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ნადირაშილი აცხადებს, რომ 8 ნოემბერს ცესკოსთან, პოლიციელებს, რომლებმაც აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დასარბევად, წყლის ჭავლი გამოიყენეს, პრემიები დაურიგეს.

“პოლიციელებს რომ აეღოთ პრემიები იმისთვის, რომ მათ აღკვეთეს კრიმინალი, იმისთვის, რომ მაგალითად, მათ დაიჭირეს ესებუა, რომელიც ბანკში შევარდა და წაიღო ნახევარი მილიონი, კიდევ გასაგები იქნებოდა, რომ პოლიციელები, რომლებიც საზოგადოების უსაფრთხოებას იცავენ, იღებდნენ პრემიებს, მაგრამ ეს ასე არ არის.

პირიქით, პოლიციამ აიღო პრემია იმისთვის, რომ ისინი პირადად, წყლის ჭავლით უსწორდებიან ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს. იმისთვის, რომ კრიმინალთან ერთად ატარებენ არჩევნებს. ეს არის კატასტროფა. ეს არის ინსტიტუტების ჩამოშლა და პირდაპირი წაქეზება, რომ თუ წყლის ჭავლითა და ხელკეტებით გაუსწორდებიან ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეებს, პოლიციელები იცხოვრებენ კარგად, თუ არა და, ისინი იცხოვრებენ პრემიების და ხელფასების გარეშე”, — განაცხადა ნადირაშვილმა.