ნათელაშვილი: ვინც დოკუმენტზე ხელმომწერებს მიეცით ხმა, არ გიყვართ სამშობლო

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი შეთანხმების დოკუმენტს “მოღალატეობრივს”, ხოლო მასზე ხელმომწერი პარტიების ამომრჩეველს საქართველოს “არაკეთილმოსურნეებს” უწოდებს.

“ამ დოკუმენტს დავარქმევდი მოღალატეობრივ დოკუმენტს. ვინც [ხელმომწერებს] ხმა მისცა არჩევნებში, ის ამომრჩეველია საქართველოს არაკეთილმოსურნე. ვინც ოცნება აირჩია, მას მთელი ცხოვრება ექნება ღმერთთან და ერთან ბოდიში მოსახდელი, რომ ეს უბედურება მოუწია ქვეყანას. მაგრამ, ვინც აირჩია, მაგალითად, ბანკირები პარლამენტში, ნარკოლობისტები – გირჩი, რომლებიც ფიქრობენ, სად გააბოლონ პარლამენტში და ჩაკაიფდნენ, ვინც აირჩიეთ შუბლზე უშიშროების ნომერი რომ აწერია, ელისაშვილს და საძმაკაცოს, აი, მათ არ გიყვართ სამშობლო.

და საერთოდ, სანამ არ აირჩევთ ლეიბორისტულ პარტიას ხელისუფლებაში, მანამდე იქნებით გეოპოლიტიკური მათხოვრები და მსხვერპლნი ამ გარიგებებისა შიგნით თუ გარეთ”,– ამბობს ნათელაშვილი ტვ პირველის ეთერში.

ცნობისთვის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელი მოაწერა “ლელომ”, ქართულმა ოცნებამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, რესპუბლიკურმა პარტიას, გირჩმა, გირჩი – მეტი თავისუფლებამ, გახარიას გუნდმა, მოქალაქეებმა, ხოლო მას ინდივიდუალურად ხელს აწერენ სალომე სამადაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე და არმაზ ახვლედიანი.

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ლეიბორისტულმა პარტიამ და თაკო ჩარკვიანმა.