ნათელი მოეფინა სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს – კობახიძე სუს-ის განცხადებაზე

“ნათელი მოეფინა სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს “-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითიც სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ ხელის შეშლის მიზნით, გზების ბლოკირება და “დესტრუქციული ქმედებებით”, ქაოსისა და უკონტროლო სიტუაციის შექმნა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის იმიტირებული ქრონიკის ნამდვილ მიზანს. დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, მოეხდინათ სააკაშვილის სხვა ლოკაციაზე გადაადგილება, რასაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ მცდელობასაც სახელმწიფო სათანადო რეაგირებას დაუპირისპირებდა. დღეს ყველამ დაინახა, რომ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობა ისეთივე წარუმატებლობისთვისაა განწირული, როგორც მისი ქურდული შემოპარვა საქართველოში.”- განაცხადა კობახიძემ.