ნენსი პელოსი ცნობილია როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი და აზერბაიჯანის წინააღმდეგ მისი ბრალდებები მიუღებელია–აზერბაიჯანის საგარეო უწყება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მიერ 2022 წლის 18 სექტემბერს სომხეთში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ პელოსი  ამახინჯებს რეგიონში არსებულ სიტუაციას, პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები კი აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიუღებელია.

„ზოგადად, ნენსი პელოსი ცნობილია როგორც პროსომეხი პოლიტიკოსი და მის დელეგაციაში კონგრესის პროსომეხი წევრების ყოფნა პირდაპირ მეტყველებს ამაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ახლოვდება აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების პერიოდი, როგორც ჩანს, პელოსი იყენებს ამ ვიზიტს აშშ-ში სომხური ლობის წრეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად და საკუთარი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. აშშ-ის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან პოლიტიკური ინტრიგებისა და ლობისტური ინტერესების სომხეთის გავლით სამხრეთ კავკასიის რეგიონში გადატანა მიუღებელია.

ის, რაც ნენსი პელოსიმ სომხეთში განაცხადა, უნდა შეფასდეს, როგორც სომხური პროპაგანდის საფუძველზე გაკეთებული განცხადება. ეს სერიოზული დარტყმაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევაზე. ასეთი ცალმხრივი ნაბიჯები და უსაფუძვლო განცხადებები ემსახურება არა რეგიონში არსებული მყიფე მშვიდობის განმტკიცებას, არამედ დაძაბულობის გაზრდას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესი სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის უკანონო და სასიკვდილო თავდასხმებს მკაცრად გმობს.

“მკაცრად ვგმობთ თავდასხმებს… მხარს ვუჭერთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას. ჩვენს შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან შეხვედრაზე ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე გავამახვილეთ. შეხვედრა აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე არაკანონიერ და სასიკვდილო თავდასხმას მოჰყვა. ჩვენი დელეგაცია კონგრესის სახელით მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს, რომელიც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო შეთანხმების საჭირო პერსპექტივებს.

შეერთებულმა შტატებმა, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, მკაფიოდ და დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ კონფლიქტს არ შეიძლება, ჰქონდეს სამხედრო გადაწყვეტა. ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენებზე თვალყურის დევნას და მხარს ვუჭერთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით, ყოვლისმომცველ და მდგრად გადაწყვეტას.

გამართულ შეხვედრებზე აღვნიშნეთ, რომ ათწლეულების განმავლობაში კონგრესში მთიან ყარაბაღში არსებულ კონფლიქტზე პასუხისმგებლობას თურქეთსა და აზერბაიჯანს ვაკისრებდით“–თქვა სომხეთში ვიზიტით მყოფმა ნენსი პელოსიმ.