ნეტარ არიან მორწმუნენი, თუ ჰგონიათ, ამ ტაქტიკით რამეს მიაღწევენ – ბოკერია კობახიძეს

გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს განცხადებას ეხმიანება, სადაც ოცნების ლიდერმა ევროპულ საქართველოს “ლუზერები” უწოდა.

ბოკერიას თქმით, იზოლირებისა და დაყოფის პრიმიტიული მეთოდები არცერთი პოლიტიკური პარტიის პრინციპულ პოზიციას არ შეცვლის.

“ნეტარ არიან მორწმუნენი, თუ ჰგონიათ, რომ ამ ტლანქი ტაქტიკით რამეს მიაღწევენ. აღდგომა და ხვალეო, აი, ნახავენ მალე, როგორ არის ეს ვითარება. დარწმუნებული ვარ, არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს რეპუტაცია, პრინციპი და პრაგმატული მიდგომა ქვეყნის და საკუთარი ინტერესის მიმართ, ამ პოზიციას არ შეიცვლის. მესმის ეს პრიმიტიული მეთოდია ამ ტიპის ნიაღვრის. რაღაც იზოლირების.

ამ შემთხვევაში, უნდა გამოვყო ეს, ამ კლოუნისგან, რომ ევროპულ საქართველოზე საჭიროდაც არ თვლის ამ პროპაგანდის წარმოებას, რომ ჩვენ შევიცვლით პოზიციას. დარწმუნებული ვარ სხვა პარტიებიც დაუმტკიცებენ ამ კლოუნს, რომ მათზეც ტყუილად ჰქონდა გათვლა”, – ამბობს ბოკერია.

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს ევროპულ საქართველოზე თქვა, რომ მათ ყველაზე მეტად წააგეს არჩევნებში, ამიტომ დესტრუქციულები არიან.

“ამ არჩევნებს ჰყავს მკაფიო ე.წ. “ლუზერები“, ვინც ყველაზე მეტი წააგო ამ არჩევნებში. ეს არის ევროპული საქართველო, რომლის მხარდაჭერა ჩამოვიდა 10-ზე მეტი პროცენტიდან 4-ზე ნაკლებ პროცენტამდე და ამიტომ მეტი მოტივაცია აქვთ დესტრუქციისთვის“, – თქვა კობახიძემ, – “რაც შეეხება სხვა პარტიებს, უმეტესობას აქვს ნაკლები მოტივაცია. აქედან გამომდინარე პოზიციები არის შეჯერებადი და მოლაპარაკებებში შესაძლებელია წარმატების მიღწევა””,– თქვა კობახიძემ.