ნიდერლანდებში შიდსის ახალი, უფრო საშიში ვარიანტი აღმოაჩინეს

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჰოლანდიაში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ახალი, ბევრად უფრო საშიში ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე ბევრად უფრო ადვილად გადადის და ჯანმრთელობაზე ბევრად უფრო დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს.

შიდსის ვირუსით დაიფნიცირებისას ვირუსი დაავადებულის იმუნური სისტემის უჯრედებს ანგრევს. შედეგად მისი იმუნური დაცვა თანდათანობით სუსტდება და ადრე თუ გვიან ინფიცირებული ნებისმიერი პათოგენის წინააღმდეგ დაუცველი რჩება. მავნე სოკოები, ვირუსები და ბაქტერიები ორგანიზმში ისე ვრცელდება, რომ პრაქტიკულად ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ხვდება და დაავადება შიდსში გადაიზრდება.

როგორც წესი, აუცილებელი თერაპიის გარეშე იმუნური დაცვა თანდათან მცირდება და 6–7 წელიწადში პრაქტიკულად აღარ არსებობს. შიდსის ახალი ვარიანტი კი, რომელსაც VB ეწოდა, იგივე შედეგს თითქმის სამჯერ სწრაფად – 2–3 წელიწადში აღწევს.

ასეთი სწრაფი განვითარების ერთ–ერთი მიზეზი ვირუსის უჩვეულოდ მაღალი დატვირთვა, ანუ დაინფიცირებულის სისხლში ვირუსული ნაწილაკების კონცენტრაციაა. ამ ვარიანტით დაინფიცირებული პაციენტის სისხლში ის “ჩვეულებრივი“ ვირუსის მაჩვენებლებს 3–5–ჯერ აღემატება.

კვლევებმა, რომლის შედეგები ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა ახალი ვირუსის 17 მატარებელი გამოავლინა. 15 პაციენტი ნიდერლანდებიდან არის, ერთი შვეიცარიიდან, ერთი კი ბელგიიდან. ვირუსის გენომის გაშიფვრამ მრავალი მუტაცია გამოავლინა, რომლებიც რნმ–ს მთელ ჯაჭვში იყო გაბნეული.

კვლევის ავტორები აზუსტებენ, რომ ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომლებიც ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას ბლოკავენ, მშვენივრად მუშაობენ ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც, ასე რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ჯანმოს მონაცემებით პლანეტაზე თითქმის 38 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ოფიციალურად აქვთ დასმული შიდსის დიაგნოზი, თუმცა ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ვირუსმა სხვადასხვა გათვლებით 27–დან 48 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.