ნიკა მელიას არ ეტყობა, რომ შეუძლია წინ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილის ნებას – ხვიჩია

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ენმ–ს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის ნებას წინ აღუდგეს.

“მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” თბილისში ჰყავს დამოუკიდებელი წარმომადგენელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს. ნიკა მელია იყო და ჯერჯერობით, კიდევ არის ნომინალურად ადამიანი, რომლის ყველაზე მეტი იმედი მქონდა და მაქვს ამისი, მაგრამ რასაც ვუყურებ, ნიკა მელიას არ ეტყობა ამ წუთის მოცემულობით, რომ მას შეუძლია წინ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილის ნებას”– ამბობს ხვიჩია რუსთავი 2–ის ეთერში.

მისივე განცხადებით, ნიკა მელია მიყვება იმ დინებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ დიდი ხნის წინ ითქვა, რომ “არაფერზე არ წავიდეთ კონსტრუქციულ მოლაპარაკებაზე”.

ხვიჩიას აზრით, მას შემდეგ, რაც პარლამენტი ოპოზიციის მანდატებს გააუქმებს, ხალხს ამ ოპოზიციის იმედიც არ უნდა ჰქონდეს და უნდა ჩათვალოს, რომ მოკვდა.

“მე ახლა ვიცი, რომ ნაციონალურ მოძრაობას ჩაშლა უნდა [მოლაპარაკებების], ისევე როგორც ქართულ ოცნებას, შესაბამისად, მინდა, რომ ეს პასუხისმგებლობა რაც ამას მოყვება და რასაც იგრძნობს ქართველი ხალხი ამის შედეგად, გადავიდეს ნაციონალურ მოძრაობაზე. არ შეიძლება ეს პარტია 500 ათას ხმას იღებდეს და მერე შლიდეს, სრულიად უპასუხისმგებლოდ იქცეოდეს, იმიტომ რომ ერთპიროვნულად ვერ მოდის მიხეილ სააკაშვილი ასეთ სისტემაში. და ამას, რომ ერთპიროვნულად მოვიდეს მიხეილ სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობის 36 დეპუტატი ქართულ პარლამენტარიზმს წირავს და არცერთ არ აქვს უნარი, დამოუკიდებელი აზრი ჰქონდეს. დიდი ბოდიში, ჩემს კოლეგებზე ამას რომ ვსაუბრობთ, მაგრამ საწინააღმდეგო დამიმტკიცონ და მე დავაფასებ”,– თქვა იაგო ხვიჩიამ.