ნიკა მელიას სასამართლო სხდომა 8 აპრილს ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაინიშნა.სხდომა 8 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება

“ჩაინიშნა არსებითი სხდომა. წინასწარ არ არის ცნობილი, ამ სასამართლოზე მოსამართლე იმსჯელებს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე. მას აქვს ამის ვალდებულება 2 თვეში ერთხელ და არაუგვიანეს 17 აპრილისა უნდა მოხდეს. ვინაიდან პირველი სხდომაა, გვექნება მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. მოვითხოვთ, ნიკა მელიას მიეცეს უფლება, დაესწროს სასამართლოს”, – ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

აღნიშნულ პროცესზე სავარაუდოდ, ნიკა მელიასათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება. თუ რა ეტაპიდან გაგრძელდება სხდომები, ან რა შუამდგომლობა ექნება პროკურატურას, ეს  ჯერ-ჯერობით უცნობია. ასევე არ არის ცნობილი,  დაესწრება თუ არა თავად ნიკა მელია  საკუთარ სასამართლო პროცესს.

ცნობისთვის, ენმ-ის  თავმჯდომარეს, ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.