ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ   ქართველ პრიმა-ბალერინა, ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს.

“მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინა ანანიაშვილი მოწვეულია ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. თეატრის ხელმძღვანელობა  თვლის, რომ ხელმძღვანელის სახელის გახმაურება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე არტისტების დასის მიმართ უპატივცემულობის უმაღლესი ხარისხია. ამიტომაც იძულებულნი ვართ შევაჩეროთ მასთან  გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება იმ გარემოებების გარკვევამდე, როგორ აღმოჩნდა ეს ინფორმაცია საჯარო სივრცეში. საბოლოო გადაწყვეტილება იანვრის შუა რიცხვებში იქნება მიღებული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმირ კეხმანის ნინო ანანიაშვილთან შეხვედრის შემდეგ.“–ნათქვამია განცხადებაში.

6 იანვარს ცნობილი გახდა , რომ 2021 წლიდან რუსეთის ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იქნებოდა. ამ თემაზე მან “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

გადაწყვეტილებას საქართველოში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ანანიაშვილმა კი განაცხადა, რომ პარალელურად ქართული დასის ხელმძღვანელადაც დარჩებოდა.