ნონა მამულაშვილმა პარლამენტი და ნაციონალური მოძრაობა დატოვა

ნონა მამულაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს პარლამენტს ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მამულაშვილი განცხადებაში განმარტავს პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებს და აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობას”, მამულაშვილის თქმით, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან, სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას.

“მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარლამენტს და “ნაციონალურ მოძრაობას”.

ორი წლის წინ პოლიტიკასა და პარლამენტში ერთადერთი მიზნით მოვედი, რომ მემუშავა ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ანუ, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული გარემოს შესაქმნელად.

გარემოში, სადაც სიღარიბე და უიმედობა ერთად ტანჯავს ქვეყანას, როცა ციხეში პოლიტიკური პატიმრები არიან, ოლიგარქიულმა სისტემამ კი ევროპული მომავალი ხელიდან გამოგვგლიჯა – საქართველოს პარლამენტი ქცეულია ადგილად, სადაც ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი კეთდება და ვერაფერი გაკეთდება.

მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამას საზოგადოების მხოლოდ 16 პროცენტიანი ნდობაც ადასტურებს. ამ პარლამენტის უმრავლესობამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის ევროპული მომავლის ნგრევას, რითიც უღალატა ყველა წინა მოწვევის პარლამენტის სულისკვეთებას და რაც მთავარია, ხალხის ნებას.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, პარტია დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან. სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს.

მე დღესაც, როგორც 2020 წელს იგივე და მარტივი მიზანი მაქვს – მოქმედება. ვხედავ, რომ დღეს ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობა პარტიული პოლიტიკის გარეთ უფროა შესაძლებელი”,- წერს მამულაშვილი.

მამულაშვილის განცხადებით, უერთდება პლატფორმა “გამზირს”, სადაც ქართველ, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად, მუშაობენ მასშტაბური, ქვეყნისთვის საჭირო საერთაშორისო პროექტის დასაწყებად, რისი მიზანიც, “რა თქმა უნდა, ქვეყნის დასავლური მომავლისთვის ბრძოლა იქნება”.