ნუ დავაკავშირებთ დევნილების პრობლემასთან – მინისტრი დევნილის თვითმკვლელობაზე

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ აქციის დროს დევნილის შენობიდან გადმოხტომა “უბედური შემთხვევაა” და ის არ უნდა დავაკავშიროთ დენილების პრობლემასთან.

“პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ვერ დაგეთანხმებით რომ ეს რამე კავშირში შეიძლება იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.

რაც შეეხება სანატორიუმ “ქართლში” დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, სამინისტროში ჩემი მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები, პრიორიტეტები რაც გვაქვს დასახული – 13 ათასი ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით. ზუსტად ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს, რა გეგმებს უნდა მივყვეთ.

გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ჩემი თხოვნა იქნება, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან”. – თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ სანატორიუმ ქართლის მცხოვრებმა დევნილმა კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან გადმოხტა. ამის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებს ბინებს უპირობოდ გადასცემენ.