ობიექტური სურათის გამოსატანად დაიქირავეს, ეს უტიფარი მორალზე ლაპარაკობს – ხუხაშვილი გეჯაძეზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმიანება ლექსო ლაშქარავას საქმეში ჩართული TV პირველის მიერ დაქირავებული ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებას, რომ დამქირავებელს ექსპერტიზის დასკვნაზე ინფორმაცია იმ მიზეზით არ მიაწოდა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა.

ხუხაშვილის შეფასებით, ექსპერტის განცხადება “თავხედობაა”, რადგან მისი დაქირავების მიზეზი დამკვეთისთვის ობიექტური სურათის მიწოდება იყო, ამიტომ დასკვნაზე ხელმოწერამდე TV პირველისთვის უნდა ეცნობებინა.

“სრულიად აშკარაა რაც ხდება, იუნესკოს დასკვნა, მეორე დღეს [სამხარაულის], თეთრით ძაფით, ნაჯახით არის ნამუშევარი. გამოყავთ ახლა გეჯაძე და ლაპარაკობს, რომ თურმე დამკვეთისთვის ჩემი დასკვნის გაზიარების უფლება არ მქონდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეო. წარმოგიდგენიათ?! თავხედობის დონე მითხარით, რა.

შე კაი ადამიანო, გამოქვეყნებას ხომ არავინ გეუბნებოდა, შენ რომ ადამიანმა დაგიქირავა, გაარკვიე იქ რა ხდება და შენი დამქირავებელი სულ სხვა წყაროდან იღებს ინფორმაციას, რომ რაღაცაზე ხელი გაქვს მოწერილი, რაც საერთოდ არ იყო შენი მოვალეობა… გეჯაძე იმისთვის დაიქირავეს, რომ სამხარაულის დასკვნაზე მოეწერა ხელი, თუ იმისთვის რომ ობიექტური სურათი გამოეტანა და დამკვეთისთვის მოეხსენებინა? ეს უტიფარი ადამიანი ახლა გამოდის და კიდევ მორალზე და ზნეობაზე ლაპარაკობს. ასე რა, ყველაზე უარესები ლაპარაკობენ, რომ არიან ანგელოზები”,– ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი TV პირველის ეთერში.

ალექსანდრე გეჯაძე განმარტავს, რომ ექსპერტიზა რომ დანიშნულიყო არა გამოძიების, არამედ, მაგალითად, მხარის მიერ, დამკვეთს ექსპერტიზის შედეგებს გაუმხელდა, თუმცა ამ შემთხვევაში დამკვეთი გამოძიება იყო, შესაბამისად, სანამ გამოძიება არ გამოაქვეყნებდა დასკვნას, უფლება არ ჰქონდა TV პირველისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

“არანაირი ინტერესი, არანაირი მიზანი ამ ინფორმაციის დამალვის მე არ მქონდა, დამკვეთი იყო გამოძიება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სანამ გამოძიება არ გაამზეურებდა ამ დასკვნას, მე უფლება არ მქონდა, რომ მესაუბრა ამ დასკვნაზე”,– აღნიშნავს ექსპერტი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ლაშქარავას საქმეზე მან დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე დაიქირავა, თუმცა გეჯაძეს მისთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შესახებ 30 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით არ უცნობებია. მისი აზრით, ეს “გონივრულ ეჭვს” ბადებს, რომ დასკვნა მას შემდეგ დაწერეს, რაც UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა, შემდეგ კი, 7 იანვარს შსს-მ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც, უწყების მტკიცებით, 2021 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა. დოკუმენტის მიხედვით, ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობაა.