ოკუპანტებმა უკრაინის მხარეს მებრძოლ 3 უცხოელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს უკრაინის მხარეს მებრძოლ უცხოელ მოხალისეებს.

ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება და მათ ფოტოებს აქვეყნებს.

ერთი მაროკოელი და ორი ბრიტანელი დამნაშავედ ცნეს “დაქირავებულ მებრძოლობაში და სხვა დანაშაულებში“.

სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს უცხოელ მებრძოლებს: შონ პინერს, ეიდენ ესლინს და საადუნ ბრაგიმს.

რუსული მედიის ინფორმაციით ბრიტანელები, პინერი და ასლინი ტყვედ მარიუპოლში, აპრილის შუა რიცხვებში აიყვანეს. მაროკოელი საადუნი კი 12 მარტს ვოლნოვახაში.

ვიდეო კადრებში, რომელსაც სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ჩანს, რომ მსჯავრდებულები თავს დამნაშავედ მიიჩნევენ.

სასამართლოში მათ თქვეს, რომ ისინი დაქირავებული მებრძოლები იყვნენ. ადვოკატები ამბობენ, რომ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ.

გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და მისი გასაჩივრება ერთი თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, დიდ ბრიტანეთს განცხადება არ გაუვრცელებია. მანამდე, ოფიციალური ლონდონი ამბობდა, რომ რუსეთი ცდილობს სამხედრო ტყვეების პოლიტიკური მიზნით გამოყენებას.

პუტინმა უკრაინაში ფარტომასშტაბიანი ომის დაწყების დროს თქვა, რომ საერთაშორისო წესები უცხოელი დაქირავებული მებრძოლების შემთხვევაში არ გავრცელდებოდა.