ოკუპაციის 100 წლისთავის შესახებ მთავრობის განცხადებაში ფაქტობრივი შეცდომებია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის განცხადებაში ფაქტობრივი შეცდომებია.

“1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა”,- წერს მთავრობა Facebook-ზე.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ტაბულასთან ამბობს, რომ მთავრობა საბჭოთა მითებს ავრცელებს.

მისი თქმით, ქვეყნის თავისუფლების შესანარჩუნებლად არა მხოლოდ იუნკერები, არამედ ათასობით მეომარი იბრძოდა. გარდა ამისა, 200-მდე იუნკრიდან მხოლოდ 9 დაიღუპა, რაც მათი “დიდი ნაწილი” არ არის.

“საბჭოთა ისტორიოგრაფია ამტკიცებდა, რომ წითელი არმია 16 თებერვლის მერე ჩაერთო ბრძოლაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს რევკომმა სთხოვა დახმარება. გამოდის, რომ ამას აღიარებენ. ანექსია ნიშნავს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის შთანთქმას. ეს პოლიტიკური პროცესია, რაც ოკუპაციის შემდეგ მოდის. ომი 11 თებერვლიდან 17 მარტამდე პერიოდში გრძელდებოდა სხვადასხვა ფრონტზე, სადაც ათეული ათასი მეომარი იცავდა საქართველოს.

17-24 თებერვალს თბილისის გარშემო 12 000-მდე მეომარი იბრძოდა. “იუნკრები” ანუ სამხედრო სკოლის კურსანტები იყვნენ ფრონტის ერთი სექტორის ერთ მონაკვეთზე, ტაბახმელასთან. მათი რიცხვი მაქსიმუმ 200-მდე იყო უმცროს მეთაურთა ახლად მიღებული ნაკადის ჩათვლით და სულ 6-9 კურსანტი დაიღუპა.

ესეც საბჭოური და პოსტსაბჭოთა მითის გადამღერებაა, რომ არავინ იბრძოლა სამშობლოს დასაცავად ერთი მუჭა “იუნკრების” გარდა”,- აცხადებს ხვადაგიანი.