ონლაინ ტარდება სასამართლო პროცესებიც, ეს არც უსაფრთხოების თემას შეიცავდა – ანა ნაცვლიშვილი 7 ნოემბრის საქმეზე

“ონლაინ ტარდება სასამართლო პროცესებიც, ეს არც უსაფრთხოების თემას შეიცავდა” – ასე ეხმაურება, პარტია “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, რომელსაც თავად ბრალდებული ვერ დაესწრო.  ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა “კავკასიის” ეთერში, ტელეწამყვან  არჩილ გამზარდიასთან გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა. ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ გარდა ბრალდებულის მხარისა  არის მეორე მხარეც და ეს არის დაზარალებულების და საზოგადოების მხარე, რომელებსაც აინტერესებდათ რას იტყოდა მაშინდელი პრეზიდენტი 7 ნოემბერზე.

“ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან ერთ-ერთი მთავარი ტესტი რომელსაც იყენებს, მოსამართლეც, შემფასებელიც ეს არის ბალანსი. ყველა არგუმენტი შეიძლება მოიყვანო მაგრამ უნდა დააბალანსო რომ ეს ინტერესი მეტია თუ ეს არგუმენტი და თუ რაღაც საფრთხე არსებობს, ან რაღაც რისკი არსებობს ერთადერთი გამოსავალი არის, არ მოყვანა ბრალდებულის პროცესზე თუ რაღაც ალტერნატიული გზა?  21-ე საუკუნეში ონლაინ ტარდება სასამართლო პროცესებიც, ეს ხომ არც უსაფრთხოების თემას შეიცავდა. ბრალდებულს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებები შეეზღუდა, მაგრამ მეორე მხარეც ხომ არის, დაზარალებული ხომ არის, საზოგადოება ხომ არის. ჩვენ ხომ ძალიან დიდი ინტერესი გვქონდა რას იტყოდა მაშინდელი პრეზიდენტი 7 ნოემბერზე. ჩემთვის 7 ნოემბერი იყო უზარმაზარი ტრამვა ისევე როგორც ბევრი ადამიანისთვის. “- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ 10 ნოემბერს 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის აქციის დაშლის ეპიზოდზე მიმდინარეობდა. პროცესის დაწყებამდე, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ეტაპირება არ იგეგმებოდა, რადგან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან იგეგმებოდა გარკვეული დესტრუქციული ხასიათის ქმედებები, რაც ხელს შეუშლიდა ეტაპირების პროცესს.