ოპოზიციის აქციის გამო თბილისის 15 ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობის მიმდინარეობის გამო თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

„საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე. მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:

  • ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა
  • მიტროფანე ლაღიძის ქუჩა
  • ბესიკის ქუჩა
  • ლესია უკრაინკას ქუჩა
  • ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა
  • 9 აპრილის ქუჩა
  • ანტონ ფურცელაძის ქუჩა
  • არჩილ ჯორჯაძის ქუჩა
  • გია ჭანტურიას ქუჩა
  • რეზო ლაღიძის ქუჩა
  • ვასო აბაშიძის ქუჩა
  • მესხიას ქუჩა

ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით.

ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

ამ წუთებში ოპოზიცია ფილარმონიიდან პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას მართავს. აქციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც უერთდებიან.