ოპოზიციის როლი მარტო წივილ-კივილი არ არის, შეცდომას ვუშვებდი – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის როლი არა “წივილ-კივილი”, არამედ საკანონდებლო ცვლილებების მომზადებაა.

“კანონები გამზადებულია, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, 1 თვეში შევძლებთ ყველა საკანონმდებლო აქტის მიღებას, რომელიც ამ უსამართლობას გაასწორებს ქვეყანაში. აბა, საპარლამენტო ინსტიტუცია მეტი რა არის, თუ არა ხალხის ინტერესების დაცვა, აბა, ოპოზიციის როლი მარტო წივილ-კივილი კი არ არის, ეს არის საკანონმდებლო აქტები, სიღრმისეული მსჯელობა”,– ამბობს ვაშაძე ფორმულას ეთერში.

მისივე თქმით, მე-8 მოწვევის პარლამენტში ოპოზიცია წივილ-კივილზე იყო ორიენტირებული, რაც შეცდომაა.

“მეც ვიყავი 2012-2016 წლებში და ვფიქრობ, რომ შეცდომას ვუშვებდი, რომ წივილ-კივილზე ვიყავით ორიენტირებული მაშინ ის გუნდი. ძალიან ცოტა საკანონმდებლო აქტი გვაქვს რეგისტრირებული, არადა 50 ვიყავით. ჩვენ დავუკარგეთ საპარლამენტო ინტიტუციას კვანძი ხალხთან, ოპოზიცია უნდა იყოს ხალხის ხმა პარლამენტში და არა მხოლოდ პოლიტიკური კინკლაობის და ფიზიკური ანგარიშსწორების ადგილი”,– აღნიშნა ვაშაძემ.