ორგანიზებული ჯგუფები საქართველოდან, ბინებიდან მაღაზიების ძარცვაზე გადავიდნენ – ევროკომისიის ანგარიში

“ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა საქართველოდან, ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში თავიანთი საქმიანობა შეცვალეს და სახლების ძარცვებიდან მაღაზიების ორგანიზებულ ძარცვებზე გადავიდნენ”- ამის შესახებ, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა.

“ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფებმა საქართველოდან, ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში თავიანთი საქმიანობა შეცვალეს და სახლების ძარცვებიდან მაღაზიების ორგანიზებულ ძარცვებზე გადავიდნენ. ამასთანავე, ზოგიერთი მათგანი თავიანთი საქმიანობისთვის სხვა ქვეყნებში წავიდა, რაც შესაძლოა, გარკვეულწილად ბოლო წლებში ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფოს ორგანიზებულ დანაშაულთან გასამკლავებლად გაზრდილი ძალისხმევის გამო მოხდა. გარდა ამისა, უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ განაცხადა, რომ დაპატიმრებულ კრიმინალთა შორის გაიზარდა საქართველოდან შემოსული თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი” – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია რომ, ზედიზედ მესამე წელია, თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობის მხრივ, საქართველო კვლავ წამყვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნებს შორის. 2020 წლის პირველ კვარტალში 3 795 თავშესაფრის განაცხადი დაფიქსირდა, რაც 42 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2018-დან 2019 წლამდე, შენგენ ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის შესვლაზე უარის თქმის საერთო რაოდენობა 17 პროცენტით გაიზარდა (3 805-დან 4 435-მდე). ასევე, 26 პროცენტით გაიზარდა უკანონოდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა (9 400-დან 11 845-მდე).

ანგარიშში ევროკომისია შეშფოთებას გამოხატავს ალბანეთისა და საქართველოს შემთხვევაში თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების რაოდენობის გამო.