ორ საერთაშორისო ექსპერტს მიხეილ სააკაშვილთან საავადმყოფოში შესვლის უფლება მისცეს

ჯანდაცვის სამინისტრომ ორ საერთაშორისო ექსპერტს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მისცა. რაც შეეხება დანარჩენების დაშვებას, როგორც უწყებაში განმარტავენ, სათანადო საბუთების წარდგენის შემთხვევაში კომისია დადგენილ ვადებში იმსჯელებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

მესამე პრეზიდენტის ოჯახის ინფორმაციით, ერთერთი სპეციალისტი, ვისი ლიცენზიაც რეგულირების სააგენტომ აღიარა, გაეროს ის ექსპერტია, რომელიც თბილისში ორშაბათს ჩამოვა და მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში მოინახულებს. მეორე კი ამერიკელი ექიმ-ფსიქიატრია, რომლის ჩამოსვლის თარიღიც ჯერ შეთანხმებული არაა.

“არაფერი არსებითი ცვლილება არ არის გარდა იმისა, რომ წონაში კლება კვლავ გრძელდება და მიმდინარეობს ასევე კუნთოვანი მასის განლევა. შესაბამისად, ექსპერტიზა გრძელდება. ვცდილობთ, რომ დავასრულოთ რაც შეიძლება სწრაფად. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროდან მივიღეთ წერილი, რომ ორ ექსპერტზე, ეს გახლავთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და ექსპერტი ფსიქიატრი, არის დროებითი ლიცენზია გაცემული 6 თვის ვადით. დანარჩენ ორზე ალბათ კიდევ დრო დასჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს. სასამართლო ექსპერტი, ზუსტად ვიცი, ეს გახლავთ ცენტრი “ემპათიას” ექსპერტი და მოდის შვეიცარიიდან და იქნება საქართველოში ორშაბათს და განხორციელდება ეს ვიზიტი ვივამედში” – ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.