“მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პრობლემა – საბჭოთა კავშირი ადამიანის ტვინებში, თავისუფლების და პასუხისმგებლობის აღების შიში ჯერ კიდევ მყარად არის ჩაბატონებული, ვისაც ეს გესმით და აქ აპირებთ ცხოვრებას, ისიც უნდა გესმოდეთ, რომ დეპრესია, ნიჰილიზმი და ხელების ჩამოშვება არასდროს არის გამოსავალი. საბოლოო ჯამში, თქვენი შესაცვლელია ეს რეალობა, კონკრეტულად თქვენი, იმიტომ რომ სხვა არავინაა… მოგწონთ ეს თუ არა, გინდათ ამხელა პასუხისმგებლობის აღება თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი გასაკეთებელია.

პოლიტიკური ცვლილების გარეშე შეუძლებელია ამ რეალობის შეცვლა. საბოლოო ჯამში, ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, ბრძოლა ადამიანის ტვინებისა და გულებისთვის. მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა არის მოგებადი. გაცილებით უარესი და უფრო ღრმა ჭაობებიდან ამოვმძვრალვართ. თუ გავიაზრებთ, რა არის ჩვენი სიღატაკის მიზეზები, თუ მოვინდომებთ და თუ დავიჯერებთ, რომ შეგვიძლია, მაშინ გაკეთებადია.

ოქტომბერში გვექნება შემდეგი შანსი, დავამთავროთ ამ ქვეყანაში მზრუნველი და კეთილი მთავრობის ბოროტი მითი. შანსი, ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილები აქ ცხოვრობდნენ, იყვნენ თავისუფლები და ჰქონდეთ წარმატების და ადამიანური ცხოვრების პერსპექტივა. შანსი, ვაჩვენოთ ყველას, რომ უპერსპექტივო და ფარისეველი სი*ები არ ვართ, ან მინიმუმ აღარ გვინდა, რომ ვიყოთ”

განაცხადა “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.