“ოცნებამ”პარლამენტი უფუნქციო გახადა, მინისტრები ისე დადიან, როგორც რომელიღაც კაფეში – ვაშაძე

„ქართულმა ოცნებამ” პარლამენტი დააკნინა და უფუნქციო გახადა – მინისტრები და მათი მოადგილეები თვლიან, რომ პარლამენტში დადიან, როგორც რომელიღაც კაფეში  – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის საქმიანობის თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

„საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავარია პარლამენტი და არა მთავრობა. პარლამენტია მთავარი ორგანო, რომელმაც მთავრობას მათრახი უნდა გადასცხოს და რომ იმუშაოს, ერთ ადგილას წკეპლა უნდა მოსცხოს. საქართველოში პარლამენტი არის უფუნქციო. მთავრობის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომებზე ისე უპასუხისმგებლოდ, მოუმზადებლები მოდიან, მათსავე ანგარიშში წარმოდგენილ სტატისტიკურ ციფრებს არ გვეუბნებიან. მაგალითად, განათლების და რეგიონალური განვითარების სამინისტროებს არა აქვთ მარტივი სტატისტიკა: რამდენი სკოლა გარემონტდა და რამდენია გასარემონტებელი, როცა პარლამენტში სასკოლო დაწესებულებების რემონტის ანგარიშით მოდის. ეს ფორმალობა, რაც აქამდე პარლამენტში იყო, უნდა დავასრულოთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.