ოცნებამ მხარი არ დაუჭირა PACE-ს რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარეს

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას, რომლითაც ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.

ქართული ოცნების დეპუტატი გივი მიქანაძე ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მმართველი პარტია იზიარებს რეზოლუციის მთლიან სულისკვეთებას, თუმცა მათთვის მიუღებელი იყო ის დამატება, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული და ამ შესწორების გამო ერთიან რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

“ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა “სამწუხარო” უწოდა ფაქტს, რომ ასეთი ჩანაწერი “კონკრეტული პირების ინიციატივით” ხვდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.

“ეს იყო შეფარული მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაეთანაბრებინათ იმ ადამიანებთან, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან თუნდაც რუსეთის ფედერაციაში, ან სხვა სახელმწიფოებში. ეს უშედეგო მცდელობაა, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის 2 გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე არის საქმეები, რომლებიც სასამართლოში განიხილება”. – თქვა ჩიქოვანმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომლითაც 13 ოქტომბერს ორგანიზაციამ რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა, ნათქვამია:

“ასამბლეა ასევე ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის)”.