“ოცნება” დაფინანსებისა და რეგისტრაციის მოხსნის პროექტს ეუთოს უგზავნის და განხილვას აჩერებს

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტისა და ენმ-სთვის რეგისტრაციის გაუქმებაზე კანონპროექტი ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას უნდა გაუგზავნონ და განხილვები მხოლოდ ამის შემდეგ განაახლონ.

კობახიძის თქმით, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა სწორედ მას შემდეგ გაიმართება, რაც ამ ინსტიტუტების პოზიცია გახდება ცნობილი.

„მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამართლებრივად ასევე პოლიტიკურად ყველაფერი არის აბსოლუტურად გამართული და მმართველი პარტია ამ შემთხვევაშიც ბოლომდე წელშია გამართული, იმისათვის, რომ არავის დარჩეს საბაბიც კი რაიმეზე საუბრის, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სამართლებრივი კუთხით, მე გთავაზობთ შემდეგს, დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი ან გნებავთ ვენეციის კომისიაში ან გნებავთ – ოდირში. დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე, ანუ შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა სადღაც იანვრის ბოლომდე, დაველოდოთ ვენეციის კომისიიის ან ეუთო/ოდირის ან ორივეს პოზიციას და ამის შემდეგ განვაახლოთ კანონპროექტების განხილვა მეორე მოსმენით.

ზუსტად იგივე ინიციატივა ჩვენ შეგვიძლია გავაჟღეროთ მეორე კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც წინა კვირაში დაინიცირდა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არის არამოქალაქე ან არ აკმაყოფილებს რომელიმე საკონსტიტუციო ცენზს. ამ შემთხვევაშიც ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ შესაბამისი კანონპროექტი ვენეციის კომისიაში ან ოდირში ან ორივე ამ ინსტიტუციაში, დაველოდოთ მათ პასუხს და სადღაც იანვრის ბოლოს განვაახლოთ ამ კანონპროექტების განხილვა”. – თქვა ოცნების ერთ–ერთმა ლიდერმა.

ცნობისთვის, ქართული ოცნება გეგმავს, ყველა პარტიას, ვინც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის, დაფინანსება შეუწყვიტოს. გარდა ამისა, მათ დააინიცირეს კანონპროექტი, რომლის თანახმად, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს, კერძოდ, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.